06 მაისი 2024,   03:54
ვრცლად
ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს ხუთშაბათს მშობლიურ სოფელში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი უმცროსი სერჟანტი, მდინარ ბებიაშვილი დღეს სამშობლოში ჩამოასვენეს. სერჟანტს ზესტაფონის რაიონში, მშობლიურ სოფელ მარტოთუბანში გადაასვენებენ, სადაც ხუთშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ სამხედროს სამგლოვიარო ცერემონიით დახვდნენ, რომელსაც ქვეყნის მთავარსარდალი, პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროები და სერჟანტის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ქართველ ხალხს და მდინარ ბებიაშვილის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

სამგლოვიარო ცერემონია ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზეც გაიმართა. თბილისში გადმოსვენებამდე, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროს სერჟანტს მდინარ ბებიაშვილს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადეს და მხედრული პატივი მიაგეს.

მდინარ ბებიაშვილისთვის ეს მესამე სამშვიდობო მისია იყო. ის შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვერპლი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას მოჰყვა. ამერიკულმა სარდლობამ მომხდარი თალიბანს დაუკავშირა. თავდასხმის შედეგად, ასევე 3 ქართველი სამხედრო დაშავდა, რომელთა შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მდინარ ბებიაშვილი 32-ე სამხედროა, რომელიც საქართველომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაკარგა. თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სამი დღეა სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები