02 მაისი 2024,   14:32
ვრცლად
შსს ხანძრის დროს უპირატესობას საბჭოურ შვეულმფრენებს ანიჭებს - იგეგმება "სუპერ პუმების" მწარმოებლისთვის დაბრუნება

სამაშველო ოპერაციებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო Ми-8-ს ირჩევს. უწყებაში ამბობენ, რომ არჩევანს თანამედროვე ფრანგულ და მოძველებულ საბჭოთა შვეულმფრენებს შორის საბჭოურის სასარგებლოდ მხოლოდ იმ მოტივით აკეთებენ, რომ სუპერ პუმებს სამაშველო ფუნქციების შესრულება არ შეუძლიათ.

რამდენიმე მილიონ ევროდ ნაყიდ ფრანგულ სუპერ პუმებს მხოლოდ საზღვრის მონიტორინგისთვის იყენებენ. საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ სუპერ პუმები მწარმოებელს დაუბრუნონ და სანაცვლოდ ახალი სამაშველო ვერტმფრენები მიიღონ.

საქაერონავიგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი კარბელაშვილი, რომელმაც ფრანგული ვერტმფრენები საქართველოსთვის შეიძინა, შსს-ს ტყუილში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები შეაჩერა, რის გამოც ვერ მოხერხდა 16 სხვადასხვა საჭიროებისთვის მორგებული ვერტმფრენის მიღება.

იმის გამო, რომ სპეცტექნიკა ვერ მუშაობდა და ავიაციაც არ ეხმარებოდა მეხანძრე-მაშველებს, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 3 საათი დასჭირდათ.

თბილისის მერის კომენტარს, რომლიც მიხედვითაც, ღამის პერიოდში ვერტმფრენის ფრენა საშიშია, მიუღებლად მიიჩნევენ ექსპერტები.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა შსს-ს სპეციალურად სამაშველო და სახანძრო ოპერაციებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ვერტმფრენების შეძენის რეკომენდაციით მიმართეს, ამ დრომდე ძალოვანი უწყება კვლავ მის ავიაპარკში არსებული საბჭოთა ვერტმფრენებით ებრძვის ხანძარსაც და სხვა სტიქიურ უბედურებასაც.

დღის ამბები