27 აპრილი 2024,   04:46
ვრცლად
ჩინეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ფხენიანთან მიმართებაში განცხადებებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ჩინეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ფხენიანთან მიმართებაში განცხადებებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

პეკინში აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბრისას ჩინეთის ლიდერმა მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას.

ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრამდე, დონალდ ტრამპი ფხენიანს სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქრა და გუამის კუნძულზე იერიშის შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებს დაჰპირდა.

„მერწმუნეთ, არავის უყვარს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება ისე, როგორც პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ეს სიტუაცია უკვე წლებია, გრძელდება. გაცილებით მარტივი იქნებოდა მისი მოგვარება წლების წინ. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ შესაძლოა, ცუდიც მოხდეს. რაც შეეხება გუამს, თუ იქ რამე მოხდება, ჩრდილო კორეა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომელმაც განაცხადა, რომ სამხედრო კონფლიქტის რისკი მაღალია.

„სამხედრო კონფლიქტის რისკი საკმაოდ მაღალია, თუ გავითვალისწინებთ ვაშინგტონისა და ფხენიანის რიტორიკას, ისმის პირდაპირი მუქარები ძალის გამოყენების შესახებ. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა გუშინაც განაცხადა, რომ კონფლიქტს მოჰყვება დიდი მსხვერპლი მოსახლეობას შორის, მაგრამ ამის მიუხედავად კეთდება განცხადებები ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული იერიშის აუცილებლობის შესახებ. ფხენიანი აცხადებს, რომ იერიში უნდა მიიტანოს გუამის კუნძულზე, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს. ეს ძალიან საგანგაშოა და იმედს ვიტოვებთ რომ საღი აზრი გაიმარჯვებს,“ - განაცხადა სერგი ლავროვმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა twitter-ში დაწერა, რომ ვაშინგტონს ფხენიანის წინააღმდეგ სამხედრო გეგმაც მომზადებული აქვს.

დღის ამბები