07 მაისი 2024,   02:51
ვრცლად
საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა - დებატები საკრებულოში

27 ხმით 8 ის წინააღმდეგ - საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.

საფინანსო დოკუმენტში მილიონნახევრიანი მატების გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის გარეშე მიიღო.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ თანხას ხელისუფლება წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენებს. გადაწყვეტილების მიღებას საკრებულოს სხდომაზე წინ უძღოდა დებატები.

ცვლილებები ბიუჯეტში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით ოპოზიციას კონკრეტული შენიშვნები ჰქონდა.

თბილისის მერია 31 ათას ლარს მიიღებს გრანტის სახით ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიიდან. თანხა უკვე ასახულია ბიუჯეტში და ის მთლიანად დაიხარჯება მერის ერთ-ერთი მრჩევლის ხელფასზე. გარდა ამისა, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციისთვის დაიხარჯება.

მესამე ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 500 ათასი ლარი მეტროსადგურების რეკონსტრუქციას დააკლდება და ის საცხოვრებელი კორპუსების შიდა გზების მოწესრიგებაზე გადანაწილდება.

მიღებულ გადაწყვეტილებებს ოპოზიციის წევრები საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურნენ და ისინი წინასაარჩევნო მიზნებზე მიუთითებენ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარინა დათუკიშვილი, ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ შიდა გზების მოწესრიგება აუცილებელია, მეტროსადგურების რეკონსტრუქციაზე თანხის დაკლებას წარმოუდგენლად მიიჩნევს.

შიდა ეზოების რეკონსტრუქციაზე საუბრისას წინასაარჩევნო დაპირებაზე მიუთითებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც.

„რატომ იღებთ ამ თანხას, რატომ არ უნდა მოხმარდეს მეტროსადგურების რეაბილიტაციას ეს ფული?“ - ამბობს ელისაშვილი.

 

დღის ამბები