07 მაისი 2024,   00:20
ვრცლად
"ქართული ოცნება" ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს, ოპოზიციას კი საკუთარი პირობები აქვს 

ქართული ოცნება კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ დიალოგს სთავაზობს. 

ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დაიცავი კონსტიტუციის წევრებმა არჩილ თალაკვაძის ბრიფინგს ედპ-ს ოფისში უყურეს.

კონსულტაციების შინაარსთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზება მისგან ვერ მოისმინეს, ამიტომ ხელისუფლებას კამერის წინ კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ოპოზიციისთვის წითელი ხაზი რამდენიმე საკითხზე გადის. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020 წელს გაუქმდეს და პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიონ.

ნაციონალურ მოძრაობაში ეჭვობენ, რომ ხელისუფლება ამ კონსულტაციების პატარა პარტიებთან სავაჭროდ გამოყენებას ეცდება, თუმცა, მათივე მოლოდინით, უშედეგოდ.

კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას ევროპული საქართველოც გეგმავს, მაგრამ ხელისუფლებას დღეს მათაც შეახსენეს, რომ ოპოზიცია მთავარი მოთხოვნების დათმობას არ აპირებს.

2020 წლის არჩევნებზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თავისუფალი დემოკრატებისთვის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების აუცილებელი პირობაა.

რის დასათმობად არის მზად ქართული ოცნება, დღეს მმართველ გუნდს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ამ ბრიფინგიდან გაირკვა, რომ ხელისუფლება კონკრეტული შედეგის მიღწევას სტრასბურგში ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე წასვლამდე ცდილობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები