27 აპრილი 2024,   00:20
ვრცლად
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა - არასამთავრობოები ხელისუფლების მხრიდან დათმობებზე წასვლის აუცილებლობაზე საუბრობენ

საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები და კონსტიტუციონალისტები ეხმაურებიან.

დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მსგავსად, მიწვეულნი არც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან. ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე, ხელისუფლების მხრიდან კომპრომისული ნაბიჯების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს უნდა იყოს პროდუქტიული, შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა. ამისთვის საჭიროა არის, რომ ხელისუფლება მივიდეს იქ ისეთი პოზიციით, რომელიც არ გამორიცხავს მნიშვნელოვან დათმობებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიციამ ჩამოაყალიბოს თავისი მოთხოვნები და ვფიქრობთ, რომ მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს საარჩევნო სისტემის ცვლილება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მოთხოვნის შემთხვევაში, უფრო რთული იქნება და უფრო გაჭირდება სხვადასხვა საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისას, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მთავარი სპეციალისტი ლევან ალაფიშვილიც.  

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მისცენ იმპულსი ახალ განვითარებას საკონსტიტუციო პროცესში, რასაც ჰქვია საერთო, ფართო კონსენსუსით მიღებული გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის მიღება, რასაც სახელად კონსტიტუცია ჰქვია და არა იმ ნაკლოვანი პროცესით წარმართული დოკუმენტის მიღება, რომელსაც ჰქვია ერთპარტიული კონსტიტუცია,“ - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

დღის ამბები