27 აპრილი 2024,   05:00
ვრცლად
ცოლის ნათესავები თანამდებობებზე - ოპოზიცია აჭარის მთავრობის მეთაურს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

აჭარის მთავრობის მეთაურის ნათესავები და ახლობლები სახელმწიფო უწყებებში არიან დასაქმებული. ოპოზიციამ დღეს ვრცელი სია გაასაჯაროვა, რომელშიც ზურაბ პატარაძის ოჯახთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ.

სიდედრის, სიმამრის და ცოლის სხვა ნათესავებისა და მეგობრების თანამდებობებზე დანიშვნაში ზურაბ პატარაძე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა დაადანაშაულა.

ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ ყველაზე რთული ვითარება აჭარის განათლების სამინისტროშია, სადაც მაღალ თანამდებობებზე ზურაბ პატარაძის ერთდროულად რამდენიმე ნათესავი და მეგობარი მუშაობს.

აჭარის მთავრობის აპარატში დასაქმებულების ნაწილი პატარაძის ოჯახთან ახლობლობას არც უარყოფს და ვერც იმას იხსენებს, ვინ გაუწია რეკომენდაცია თანამდებობაზე სამუშაოდ.

ოპოზიციის ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს. ზურაბ პატარაძე ნეპოტიზმთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებას ხალხს სთავაზობს.

არის თუ არა ნეპოტიზმი აჭარაში, ამ საკითხზე ოპოზიციას კითხვები აღარ აქვს. მათი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოჯახთან დაახლოებული პირები არა მხოლოდ აღმასრულებელ, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც მუშაობენ. 

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

დღის ამბები