05 მაისი 2024,   20:52
ვრცლად
რამდენად დროულად და ადეკვატურად იმოქმედა მთავრობამ - ოპოზიციის კითხვები ხელისუფლებასთან

ოპოზიციაში საქართველოს რეგიონებში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას არ გამორიცხავენ. ოპოზიციის წევრებს შეკითხვები ხელისუფლებასთან აქვთ, რამდენად დროულად და ადეკვატურად იმოქმედა მთავრობამ კრიზისულ სიტუაციაში.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი, აღნიშნავს, რომ კრიზისების მართვისთვის არსებობს რამდენიმე სპეციალური სამსახური და სწორედ მათი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

„უამრავი კითხვაა, მათ შორის, დივერსიის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან აქ საუბარი არის სახელმწიფოს ქმედუნარიანობაზე, საერთოდ, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე. არსებობს სტრუქტურები, რომლებსაც ევალება კრიზისების მართვა, სტრუქტურები, რომელებსაც ევალებათ დივერსიების აღკვეთა და ეს სტრუქტურები რაში იღებენ ხელფას და რას ახმარენ საკუთარ ძალისხმევას, ნამდვილად დასადგენია,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ევროპული საქართველო წევრი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ ხანძრის სრული ლიკვიდაციის მერე უნდა გაეცეს დაგროვილ კითხვებს პასუხი.

„მას შემდეგ, რაც სრულად დამთავრდება ხანძრის ჩაქრობის პროცესი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, სრულად გაეცეს პასუხი, იყო თუ არა ეს ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი, იყო ეს დივერსია თუ ბუნებრივი სტიქია. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გაეცეს პასუხი, რამდენად დროული, ეფექტური და კოორდინირებული იყო შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მუშაობა,“ - აცხადებს აბესაძე. 

აბესაძე პასუხისმგებელ ორგანოებს, მათ შორის, კრიზისების მართვის საბჭოს, არაორგანიზებული ღონისძიებების გატარების გამო აკრიტიკებს. 

დღის ამბები