07 მაისი 2024,   04:25
ვრცლად
მერიის დაკავებული მაღალჩინოსანი - "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება ძაგნიძის თანამზრახველების მოკვლევითაც დაინტერესდა

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს, გამოძება მას დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობას ედავება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ძაგნიძემ დიღმის მასივში ოთხი ობიექტის განაშენიანების გეგმის დამტკიცების სანაცვლოდ მოქალაქეს 38 000 ათასი დოლარი გამოსძალა და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. ძაგნიძესთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარი არქიტექტორიც.

„კურიერის“ ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება უკვე დაინტერესდა იმ პირებითაც, როლებიც დაკავებულებს მერიიდან განაშენიანების გეგმის შეთანხმებაში თანხის სანაცვლოდ ეხმარებოდნენ. თავად ლევან ძაგნიძე ბრალს არ აღიარებს.

„კურიერის“ ინფორმაციით ლევან ძაგნიძის ფარული მიყურადება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქმეში, ფარული ვიდეო და აუდიო მასალა დევს.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს ძაგნიძე იმ პერიოდში იკავებდა, როდესაც ამ სამსახურის დიმიტრი მოსულიშვილი ხელმძღვანელობდა. მოსულიშვილის თანამდებობა საბურთალოს ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობამ შეიწირა.

დიმიტრი მოსულიშვილს დღეს მისი მოადგილის დაკავების საქმეზე საუბარი არ სურს. „კურიერის“ ინფორმაციით კი მას უახლოეს პერიოდში ამავე საქმეზე საგამოძიებო უწყებაში დაკითხავენ.

მერიის მაღალჩინოსანი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია რჩება, სასამართლო ხვალ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.

დღის ამბები