27 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
ლარი დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა - ოპოზიცია მმართველ გუნდს დეფიციტური ხარჯვის გამო აკრიტიკებს

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად 1 დოლარის ღირებულება უკვე 2 ლარი და 45 თეთრია. საცალო ბაზარზე კურსი კიდევ უფრო მაღალია. ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი სტაბილურად 2.4-ის ფარგლებში იყო. სულ რაღაც 7 დღის წინ კურსი 2.39 ლარი იყო.

Bloomberg-ის სისტემის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 45 თეთრია. გაცილებით მაღალია ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში. რამდენიმე ჯიხურში ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 49 თეთრიც დაფიქსირდა. ერთი დოლარის ღირებულება 22 აგვისტოსთვის დაახლოებით 2.39 ლარი იყო.

ოპოზიციაში მმართველი გუნდის მხრიდან დეფიციტური ხარჯვა გააკრიტიკეს. ისინი ვარაუდობენ, რომ არჩევნებისთვის მმართველი გუნდის მხრიდან დეფიციტური ხარჯვა კიდევ უფრო გაიზრდება.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მმართველ გუნდს ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების არსებობის აღიარებისკენ მოუწოდებს.

„არათანმიმდევრული ხარჯვა და წინასაარჩევნო კამპანიური რაღაც მშენებლობები, რომლებიც შეიძლება გაკეთებულიყო მშვიდად წლის განმავლობაში და მაინცდამაინც მოსახლეობის მოსასყიდად უნდათ წინასაარჩევნოდ რაღაცების ერთბაშად გაკეთება, შესაძლებელია, რომ გარკვეული მასტიმულირებელი ფაქტორი იყოს ლარის გაუფასურებისა,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე ლარის გაუფასურებას ქვეყანაში დეფიციტურ ხარჯვას უკავშირებს. მისი თქმით, ხელისუფლება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას არ გეგმავს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია კი ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ლარის რამდენიმე პუნქტით ცვლილება საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. 

დღის ამბები