12 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - პროკურატურა განაჩენს გაასაჩივრებს

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

პროკურატურა განმარტავს, რომ ბრალდება არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბრალის გადაკვალიფიცირების ნაწილში. 

"გიორგი მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებაში, საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში,  სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

"ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები