26 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
პარტიების შემოწირულობების გადანაწილება - ვინ აფინანსებს "ქართულ ოცნებას"?

აგვისტოში „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ შემოწირულმა თანხამ 4 მილიონ 555 993 ლარმა, ყველა სხვა პარტიის შემოწირულობას ერთად, დაახლოებით 15-ჯერ გადააჭარბა.

პარტიის მცირე დამფინანსებლები იურიდიული და კერძო პირები არიან, რომლებიც "ქართული ოცნების" ანგარიშს კანონით გათვალისწინებული ლიმიტის, 120 ათას ლარის მაქსიმუმით ავსებენ.

„ქართული ოცნების“ დამფინანსებლები ძირითადად, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პარტნიორები ან სხვა კავშირის მქონე ადამიანები არიან. მათ შორისაა საპატრიარქოს კუთვნილი ხაშმის ღვინის ქარხნის დირექტორი და საპატრიარქოს ყოფილი, ერთერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, კახაბერ მახათაძე, რომელიც პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2 სექტემბერს ზესტაფონის მაჟორიტარად წარადგინა. მას საზოგადოება ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით იცნობს, რადგან მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის „ოქროს თევზად“, ანუ სურვილების შემსრულებლად მოიხსენიებენ.

შემოწირულობებით მეორე ადგილზე პარტია „ევროპული საქართველოა“ (დაახლოებით 200 ათასი ლარი). შემომწირველები ძირითადად, პარტიის წევრები და კანდიდატები არიან. ყველაზე მსხვილი შემოწირულობა - 42 ათასი ლარი, აკაკი კილასონიას ეკუთვნის, რომელსაც ერთი წლის წინ, ამავე პარტიის დაფინანსების გამო, აუდიტის სამსახურმა შემოსავლების დადასტურება რამდენჯერმე მოსთხოვა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ბიზნესმენებს აშინებს, რათა მათ „ქართული ოცნების“ გარდა, სხვა არავინ დააფინანსონ.

დაფინანსებით მეხუთე ადგილს იკავებს „ნაციონალური მოძრაობა“ 5 330 ლარით. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ფული არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, მაგრამ არა გადამწყვეტი.

შემოწირულობების სიაში ბოლო ადგილი „რესპუბლიკური პარტიას“ უკავია - 20 ლარი. პარტიაში აცხადებენ, რომ დაფინანსების საკითხი საქართველოში ერთპიროვნულად წყდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები