27 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
"მე მაქვს პრეტენზია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში უნდა მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა" - მიხეილ სააკაშვილი

„ეს არის მშიშარა ადამიანის განწყობა,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის და ასევე იმ ფაქტის შეფასებისას გააკეთა, რომ უკრაინამ 10 სექტემბერს მის დასახვედრად განსაკუთრებული ზომები მიიღო.

განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პეტრო პოროშენკო საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მოელაპარაკა სწორედ იმის თაობაზე, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებდა.

„პეტრო პოროშენკომ ჩათვალა, რომ მე მისთვის ვარ სასიცოცხლო საფრთხე,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი იხსენებს, რომ პეტრო პოროშენკოს მის მიმართ თავდაპირველად საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.

„უკრაინა არის უზარმაზარ წუმპეში და იქიდან არის ამოსაყვანი. ჩვენ მას იქიდან ამოვიყვანთ. მე არ მაქვს პრეტენზია უკრაინის ლიდერობაზე, იყო პერიოდები, როცა ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვიყავი უკრაინაში და ახლაც ვვარაუდობ, რომ საკმაოდ მაღალი პოპულარობა მაქვს. მაგრამ, მე მაქვს პრეტენზია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში უნდა მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, ახალი პოლიტიკოსების და ეს იქნება ის ხალხი, ვინც უკრაინას აქცევს ევროპის ზე სახელმწიფოდ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს შიში აქვს იმის, რომ მას ქვეყანაში წარმატების მიღწევის გამოცდილება აქვს. 

„ხდება დიდი კონსოლიდაცია უსამართლობის წინააღდეგ და რა თქმა უნდა, მიხარია რომ მე ამას რაღაცნაირად შევუწყე ხელი. მართალი გითხრათ, პოროშენკომაც შეუწყო ხელი, თავისი ბრიყვული მოქმედებით,“ - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.  

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინის წარმატებისთვის ერთნაირად იბრძოლებს. მისივე თქმით, ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობას უპრობლემოდ მიიღებს. მათ შორის, ამერიკაში ცხოვრების უფლებაც აქვს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გზით აპირებს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას.

„მე უნდა ვამხილო ის, რომ ჩემი ხელმოწერები გააყალბეს და ათასგვარი სისულელე ჩაიდინეს,“ - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ სრულიად უკანონოდ მოხდა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, რადგან უკრაინის პრეზიდენტს მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ აქვს, როდესაც პირი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ არის.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის ერთ-ერთ მიზეზად, შეცდომით შევსებული ანკეტა დაასახელეს. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ედავებიან, თითქოს და ანკეტაში არ მიუთითა, რომ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

დღის ამბები