05 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
მოწმეზე ზეწოლა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა - ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ და მოწმეზე ზეწოლის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყებას თხოვენ. იურისტები აცხადებენ, რომ მათ დაუკავშირდა ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე და განუცხადა, რომ მსჯავრდებული მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები მათზე ზეწოლას ახორციელებენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები მოწმის ვინაობას არ ასახელებენ. თუმცა აცხადებენ, რომ ის არის ე.წ. კორტების საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე. ადვოკატები ასევე არ ასახელებენ მჯსავრდებულის ოჯახს.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, მოწმე მათთან ოფისში რამდენიმე საათის წინ მივიდა და განუცხადა, რომ კორტების საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები მასზე ახდენენ ზეწოლას და ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ, თანხა შესთავაზეს და იმ შემთხვევაში თუ ის არ დათანხმდებოდა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

„ჩვენს ოფისში მოვიდა პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ და მას გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდა მსჯავრდებულის ოჯახის წევრთან, საუბარია კორტების სპეცოპერაციის მსჯავრდებულის ოჯახის წევრზე და გარკვეული თანხა შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ის სიმართლე, რაც თქვა გამოძიებაში თუ სასამართლოში, აღნიშნული სახის ინფორმაცია შეეცვალა. ჩვენ მოვთხოვეთ, რომ მის მიერ მონათხრობი ამბავი დაგვეფიქსირებინა ვიდეო საშუალების გამოყენებით და ეს ასეც მოხდა. ვალდებულები ვართ მივმართოთ საგამოძიებო ორგანოს და მოვთხოვოთ საგამოძიებო ორგანოს, ამ შემთხვევაში პროკურატურას სამართლებრივი რეაგირება,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ე.წ. კორტების საქმეზე სასჯელს რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი იხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა.

ამ დროისთვის საქმეს უზენაესი სასმართლო განიხილავს.

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატებმა ვიდეო მასალა, სადაც მოწმე მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში უკვე წარადგინეს.

დღის ამბები