27 აპრილი 2024,   01:55
ვრცლად
ურთიერთბრალდებები გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის გრძელდება

პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით ოქიტაშვილს მისი ყოფილი მხარდამჭერი გიგა ქურხაშვილი შანტაჟში ადანაშაულებს. ქურხაშვილი ამტკიცებს, რომ დავით ოქიტაშვილმა მისი კონკურენტის, ირაკლი პეტრიაშვილის წინააღმდეგ კომპრომატების გავრცელებაში დახმარება სთხოვა.

სკანდალურ ვიდეომასალაში გიგა ქურხაშვილი ყვება, რომ დავით ოქიტაშვილი საარჩევნო კამპანია სპეცსამსახურების მხარდაჭერით ატარებს და კომპრომატებითაც სუს-იდან მარაგდება.

ქურხაშვილი ამბობს, რომ მასთან ერთად დავით ოქიტაშვილი პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ გია ჟორჟოლიანსაც აშანტაჟებდა. ფაქტების გასამყარებლად დღეს გიგა ქურხაშვილმა მისი და დავით ოქიტაშვილი მიმოწერა გასაჯაროვა.

დავით ოქიტაშვილი კი აცხადებს, რომ ქურხაშვილის ხელით ირაკლი პეტრიაშვილმა მას პროვოკაცია მოუწყო. პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი სამართალდამცველებს გიგა ქუხრაშვილის მიერ გახმაურებული ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს.

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი დაპირისპირებულ მხარეებს ურთიერთბრალდებების ნაცვლად, ცივილური საარჩევნო კამპანიის წარმოებას ურჩევს.

პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნები 15 სექტემბერს გაიმართება. არჩევანი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების 219-მა დელეგატმა ირაკლი პეტრიაშვილს, დავით ოქიტაშვილსა და ამირან ზენაიშვილს შორის უნდა გააკეთონ. მომავალი თავმჯდომარე 4 წლის ვადით იქნება არჩეული.

ამავე თემაზე
დღის ამბები