27 აპრილი 2024,   02:38
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბიზნესმენ ფადი ასლის წინააღდეგ სარჩელი მისსავე სასამართლოში შეიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ ბიზნესმენ ფადი ასლის წინააღდეგ სარჩელი მისსავე სასამართლოში შეიტანა. კაკაბაძე ფადი ასლისგან ღირსების შემლახველი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანისთვის 20 ათასი ლარს ითხოვს.

საქმის განხილვა დღეიდან დაიწყო. ფადი ასლის ხმაურიანი ბრალდებების მიზეზი მოსამართლის მიერ რამდენიმე ბიზნეს დავაზე მიღებული გადაწყვეტილებაა. მოსამართლე კაკაბაძემ საერთაშორისო კომპანია, "Philip Morris"-ს კონკურენტი კომპანიის სასარგებლოდ 93 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, "British American Tobacco"-ს კი - 270 მილიონი ლარი.

ამ გადაწყვეტილებების გამო, ფადი ასლიმ მოსამართლეს "კორუმპირებული" უწოდა. ფადი ასლი პოზიციას არც დღეს ცვლის. მოსამართლის ინტერესების დამცველი მიიჩნევს, რომ ფადი ასლის მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კრიტიკულია, არასამთავრობო სექტორის პოზიციაც. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების არაობიექტურობასთან დაკავშირებული ეჭვები ლეგიტიმურია.

მოსამართლე თეა ბერაია, მისივე კოლეგის სარჩელზე განხილვას 15 სექტემბერს გააგრძელებს. სავარაუდოდ, ეს დასკვნითი სხდომა იქნება.

ფადი ასლი გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგანაც ელოდება, რომელსაც მოსამართლე კაკაბაძის დისციპლინური დევნის შესახებ განაცხადით რამდენიმე თვის წინ მიმართა. 

დღის ამბები