07 მაისი 2024,   02:23
ვრცლად
ლვოვის სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ

ამ წუთებში ლვოვის სასტუმროს მისაღებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები მივიდნენ. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების და სამართალდამცველების მისვლის მიზეზი და ზუსტი დეტალები უცნობია. კადრებს სასტუმროში პოლიციის ყოფნის შესახებ სოციალურ ქსელში "ახალ ძალთა მოძრაობა" ავრცელებს.

კადრებში ასევე ჩანს, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ესაუბრება.

მესაზღვრეები განმარტავენ, რომ მათ სასტუმროში მიიტანეს ე.წ. პროტოკოლი, რომელიც უნდა გადასცენ მიხეილ სააკაშვილს და აცნობონ, რომ 10 სექტემბერს მან დაარღვია სახელმწიფო საზღვარი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მათი სასტუმროში მისვლა არაკანონიერია, რადგან როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის მათ ფაქტის დაფიქსირებიდან სამ საათში უნდა ეცნობებინათ.

„შემოვიდნენ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები, მათ აჩვენეს დამადასტურებელი მოწმობები და ისინი ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღონ დოკუმენტები, თან გამოიძახეს მათ პოლიცია. მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ არის წინააღმდეგი შეხვდეს სამართალდამცველი და სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებს. მაგრამ სამართალდამცველები, რომლებიც გამოიძახეს, პოლიციელებმა სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაიწყეს პროტოკოლის შედგენა. ამ დოკუმენტებში უნდა შეეტანათ პირადი მონაცემები და ჩვენი ახსნა განმარტებები, თუმცა თავად მესაზღვრეებს არ სურთ განმარტებების გაკეთება, რომელიც პროტოკოლში შევა და ეს უკანონოა.

"ახლა ჩვენ ველოდებით მათ შემდგომ გადაწყვეტილებებს. ისინი არ უნდა დარბოდნენ მთელს სასტუმროში და არ უნდა ეძებდნენ, რომელ სასტუმროში არის მიხეილ სააკაშვილი. რადგან, ამას არ ითვალისწინებს ჩვენი სამოქალაქო კოდექსი,“ - განაცხადა განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა. 

მიმდინარე პროცესებს კომიკურს უწოდებენ "ახალ ძალთა მოძრაობის” წევრები. მათი განცხადებით, საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა დაარღვიეს კანონი, რადგან დაგვიანებით გადაწყვიტეს მიხეილ სააკაშვილისთვის პროტოკოლის გადაცემა.

მათივე თქმით, უკრაინაში გრძელდება სრული განუკითხაობა და დღევანდელი ფაქტიც ამის ნათელი მაგალითია.

„სიტუაციას ჩვენ ვაფასებთ როგორც კომიკურს, რადგანაც სამი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი არ მალავდა, სად იმყოფებოდა. გავიდა სამი დღე და ახლა მოვიდნენ სამართალდამცველები აქ სასტუმროში. გარდა ამისა, მესაზღვრეებმა არ იციან რომელ ნომერში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. მათ რომც იცოდნენ რომელ ნომერში იმყოფება სააკაშვილი, იქ შესვლისთვის საჭიროა სასამართლო გადაწყვეტილება და მათ არ სურთ, რომ პროტოკოლი გადასცენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, მათ სურთ პირადი კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან.

"ჩვენ ცოტახანს დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები და რა სამართლებრივია პოზიცია ექნებათ მათ და ამის შემდეგ ვიმოქმედებთ.

"ეს ბუნებრივია არის პოლიტიკური სვლა, ეს არის ცირკი, ეს არის სრული განუკითხაობა, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება უკრაინაში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრმა.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვრის დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დასავლეთ უკრაინის რეგიონში მოხდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა დაკავება. მათი ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები