27 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოვა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, უკვე ნიუ-იორკში იმყოფება.

გიორგი კვირიკაშვილმა ვიზიტის პირველივე დღეს მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან გამართა. 21 სექტემბერს კი გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ პრემიერი სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან ურთიერთობაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრეს.

„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი. ის პოზიტიური რაც ხდება, პრობლემები რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის კონფლიქტები, ტერიტორიული მთლიანობა, ურთიერთობა რუსეთთან და ის სიტყვა, რომლითაც ბატონი პრემიერი გამოვა ამ თემებს შეეხება,“ - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

ხვალ ტრიბუნას დონალდ ტრამპი დაიკავებს, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში ასამბლეის სესიაში პირველად მონაწილეობს. დღეს ის გაეროს ერთ-ერთ ფორუმზე პირველი სიტყვით უკვე გამოვიდა და ორგანიზაციის მუშაობა გააკრიტიკა.

„გაერო დაარსდა ჭეშმარიტად კეთილშობილური მიზნებისთვის. ეს მოიცავს ადამიანის ღირსების დაცვისა და საერთაშორისო მშვიდობისკენ სწრაფვას. ამ მიზნების წინა პლანზე დაყენებას გაერომ მრავალი კუთხით შეუწყო ხელი, თუმცა ბოლო წლებში ბიუროკრატიისა და არასწორი მენეჯმენტის გამო მან ვერ მიაღწია თავის სრულ პოტენციალს. 140 პროცენტით გაიზარდა ბიუჯეტი და გაორმაგდა პერსონალიც, მაგრამ ამ ფონზე შედეგს ვერ ვხედავთ. მხარს ვუჭერთ გენერალური მდივნის მოწოდებას, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ადამიანებს და არა ბიუროკრატიას. ასევე მოვითხოვთ, რომ სამშვიდობო მისიას ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი. მოვუწოდებთ გენერალურ მდივანს გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება ბიუროკრატიის შესამცირებლად, მოძველებული სისტემის რეფორმირებისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, დარწმუნებული ვარ, გაერო უფრო , ეფექტური, სამართლიანი და ძლიერი იქნება მსოფლიოში მშვიდობისა და ჰარმონიისთვის,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

დღის ამბები