05 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
ფადი ასლის სასამართლომ მოსამართლისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის სარჩელი საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ფადი ასლის დაევალა მოსამართლესთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.

ფადი ასლიმ მოსამართლე კაკაბაძეს რამდენიმე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გამო საჯაროდ კორუმპირებული უწოდა. კაკაბაძე კი, ბიზნესმენისგან ღირსების შემლახველი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანისთვის ასანაზღაურებლად 20 000 ლარს ითხოვდა.

მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილებით აღადგინა მოსამართლის პატივი და ღირსება. კაკაბაძე ამავე ინსტანციის მოსამართლეა.

თავის მხრივ ბრალდებების უკან წაღებას არც ფადი ასლი აპირებს.

"განსხვავებულს არაფერს ველოდი. საქართველოში ვერცერთი სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ჩემს შეხედულებას, რომ ვლადიმერ კაკაბაძე არის კორუმპირებული მოსამართლე. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, თუმცა ეს არის აშკარა ნიშანი მართლმსაჯულების განადგურების. ვწუხვარ, რომ მოსამართლეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვეს. ეს აჩვენებს, რამდენად კორუმპირებულია სისტემა. ვიდრე ასე გაგრძელდება, საქართველო დარჩება არამიმზიდველ ადგილად ინვესტიციებისთვის," - განაცხადა ფადი ასლიმ. 

დღის ამბები