27 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ. შეკრებილები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გადაცემას ითხოვენ.

„ვიღაცას გაუჩნდა დიდი მადა ამ მიწაზე,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ისინი ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, ისინი უკვე 30 წელია, ითხოვენ ბინებით დაკმაყოფილებას თუმცა, ახალი შეთანხმების მიხედვით, მათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა გადასცემოდათ, რის შემდეგაც ინვესტორს მოიძიებდნენ.

შეკრებილების განცხადებით, კოოპერატივის წევრებზე მიწის გადაცემაზე თანხმობა გარკვეულწილად უკვე აქვთ მიღებული. აქციის წევრები აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთების გადაცემის შეფერხებას მერიაში რიგითობით ხსნიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გუშინდელ შეხვედრას ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ და მათთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ.

ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებს შეხვდა. შეკრებილებმა მას თავიანთი მოთხოვნები გააცნეს და დაპირების შესრულებისკენ მოუწოდეს.

ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა მათ განუცხადათ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მუშაობა უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.  

აქციის მონაწილეები მერიაში ამ დრომდე რჩებიან და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, მიცემული დაპირების კონკრეტულ დეტალებზე დამატებითი შეთანხმება.

 

დღის ამბები