26 აპრილი 2024,   23:32
ვრცლად
ბავშვი არის ინკლუზიური... უყურადღებოდ არ ყოფილა - 206-ე ბაღის დირექტორი

საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავაც მძიმეა. ექიმების ცნობით, მას ერთი ფილტვი გათიშული აქვს, რამდენიმე ადგილას აღენიშნება სახის ძვლის მოტეხილობა.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სხეულის დაზიანების ფაქტზეა დაწყებული. შიდა მოკვლევა დაიწყო ბაღების სააგენტომაც. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა აღმზრდელების უყურადღებობის გამო მოხდა.

„სავარაუდოდ, აღმზრდელების და თვითონ პერსონალის უყურადღებობის თემა არის. თუმცა, მოვლენებს არ მინდა წინასწარ გავასწრო, დღის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება შესაბამისი დასკვნა და მივიღებთ შესაბამის ზომებს. ყველანაირი ნორმა დაცული იყო საბავშვო ბაღში, თუმცა მე მაინც ვვარაუდობ, რომ ეს უყურადღებობის თემაა,“ - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ.

აღმზრდელთა უყურადღებობას გამორიცხავს 206-ე ბაღის დირექტორი. მარინა გოგოლაძე ამბობს, რომ მცირეწლოვანთან ერთად ბაღის აღმზრდელი იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბავშვი ინკლუზიურია და მას ქცევის პრობლემა აქვს. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზსს უკავშირდება უბედური შემთხვევა.

„ბავშვი კვირა ნახევარია, რაც საბავშვო ბაღში დადის და ჩემი პირველივე დღიდან დაკვირვებისა შევამჩნიე, რომ ბავშვი არის ინკლუზიური. მე მქონდა მშობელთანაც საუბარი, დედას ვესაუბრე და ვთხოვე, რომ მოსულიყო ჩემთან, გავსაუბრებოდი და დამეკვალიანებინა ბავშვი სად წაეყვანა, მაგრამ დედის რეაქცია იყო, რომ მე ჩემს შვილს ვხედავ. ეს არ არის გასასამართლებელი მაგრამ... უბრალოდ რისი თქმა მინდა, მასწავლებელს ხელში ჰყავდა ბავშვი, მთელი ბაღი ფეხზე ვიდექით და ვიცოდით, რომ ბაღში ასეთი ბავშვი გვყავდა, უყურადღებოდ ბავშვი არ ყოფილა, მასწავლებლის გვერდით იყო ბავშვი,“ - განაცხადა 206-ე ბაღის დირექტორმა მარინა გოგოლაძემ.

ჯანმრთელობის პრობლემებს გამორიცხავენ დაშავებული ბავშვის ოჯახის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. 

უბედური შემთხვევა ზემო ფონიჭალაში, 206-ე საბავშვო ბაღში დღეს დილით მოხდა. 3 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა. აღსაზრდელი ამ დროისთვის კვლავაც საავადმყოფოში რჩება.

საბავშვო ბაღში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.  

ამავე თემაზე
დღის ამბები