27 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გაუგებრობაა - მმართველი გუნდი

დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ საქართველოს შესახებ, საკუთარი მოქალაქეებისთვის გავრცელებულ ინფორმაციასა და გაფრთხილებებს, საქართველოს მთავრობაში, ზედმეტ სიფრთხილედ აფასებენ. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ბრიტანეთის მხარესთან კომუნიკაციის შედეგად, სიტუაცია გამოსწორდება.

„მსგავსი პრეცედენტები არ დაფიქსირებულა საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ და ჩვენ ამას გაუგებრობას ან ზედმეტ სიფრთხილეს დავაბრალებთ და ამ კომუნიკაციის შედეგად, იმედია გამოსწორდება ის მიდგომა, რაც დღევანდელ განცხადებაში არის ასახული ბრიტანეთის საელჩოს მიერ,“ - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიგოვაძემ.

თბილისის მერი, დავით ნარმანია აცხადებს, რომ რიგი საკითხები, რომლებზეც ბრიტანეთის საელჩო წერს, ქალაქში გამოსასწორებელია, თუმცა, უსაფრთხოების მხრივ, თბილისი ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში.

„ცალკეული საკითხები, რაც მათი მხრიდან არის გამოყოფილი, ბუნებრივია, ყურადღებამისაქცევია. ვთქვათ, რასაც ისინი ხაზს უსვამენ, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობაა, ბუნებრივია, ბიო ტუალეტები იდგმება, უსაფრთხოების ზომები, ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მკაცრდება და ასე შემდეგ, ასე რომ, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული,“ - აღნიშნა ნარმანიამ.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი კი აცხადებს, რომ უცხოელი პარტნიორების შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა რეკომენდაციებს 6 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ავრცელებს. საელჩო მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა, რადგან პერიოდულად ადგილი აქვს ძარცვას ხალხმრავალ ადგილებში. განცხადებაში საუბარია ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის რისკზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები