26 აპრილი 2024,   23:02
ვრცლად
უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა

უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. პრეზიდენტის მოწვევით დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სადაც ხუთ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, ყველაზე მთავარი საკითხი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული წვრთნები. ამ საკითხზე მომხსენებელი იყო სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სხდომაზე მხოლოდ განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

პრეზიდენტის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ უმსჯელიათ. სწორედ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭო უქმდება. 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

„ჩვენ მიმოვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ის წვრთნები, რომელიც ტარდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ის სირთულეები, რომლებიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული წვრთნები საფრთხის შემცველია. დავით რაქვიაშვილის თქმით, ამ საკითხზე ქვეყნის შიგნით და პარტნიორ ქვეყნებთან მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს.

შს მინისტრმა და ასევე, გენერალ-მაიორმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

უშიშროების საბჭოზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის ჩათვლით, ხუთ საკითხზე იმსჯელებენ. საბჭო დღეს სრული შემადგენლობით შეიკრიბა. 

დღის ამბები