05 მაისი 2024,   18:03
ვრცლად
„ის, რაც ხდებოდა დღეს ქუჩაში, არის თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა," - ხათუნა სამნიძე

„ის, რაც ხდებოდა დღეს ქუჩაში, არის თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, რადგან მან არ უზრუნველყო ადამიანებთან კომუნიკაცია,“ - ეს განცხადება „რესპუბლიკური პარტიის" სიის პირველმა ნომერმა ხათუნა სამნიძემ გადაცემა „არჩევანში“ დედაქალაქის მერიასთან დღეს გამართული აქციის შესახებ საუბრისას გააკეთა.

სამნიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციის ეშინია.

„აუცილებელია, რომ 21 ოქტომბრისთვის, ყველა პარტიამ შევძლოთ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება, გააქტიურება,“ - ამბობს ხათუნა სამნიძე.

სამნიძემ აქვე საპატრიარქოსთვის ერთ ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხზეც ოპოზიცია ისეთივე აქტიური უნდა იყოს, როგორც ეს სხვა საკითხებზე ხდება.

„ბატონმა ნიკამ თქვა, რომ ერთ ადამიანს ემსახურება თვითმმართველობა. ერთ ადამიანს ემსახურება და მეორე სტრუქტურას, ეს არის საპატრიარქო. ერთ ლარად, როდესაც გადავცემთ ქონებას ბიძინა ივანიშვილს და თქვენ ასეთი აქტიურები ხართ, იგივე აქტიურობით ვფიქრობ, უნდა იყოთ როდესაც ერთ ლარად, ათასობით კვ.მ. მიწის ნაკვეთებს გადავცემთ საპატრიარქოს და მილიონობით ლარს ვხარჯავთ პრემიებში ჩინოვნიკებისთვის,“ - აცხადებს სამნიძე. 

დღის ამბები