03 მაისი 2024,   11:02
ვრცლად
"კორუფციისგან გაიწმინდება მერია და ვერავინ ვერ გაბედავს ფულის კეთებას," - ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გადაცემა „არჩევანში“ მერად არჩევის შემთხვევაში საკუთარ სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად საუბრობს და საკუთარი გუნდის წევრებს წარადგენს. დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მის გუნდში წარმოდგენილი არიან ადამიანები, როლებიც წლების განმავლობაში ქალაქზე ზრუნავდნენ. ელისაშვილი მათ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე საუბრობს. ასევე, ხაზს უსვამს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, პროფესიონალიზმთან ერთად, იყოს კეთილსინდისიერება და ეს თვისებები მისი გუნდის წევრებს გააჩნიათ.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდის წევრები იმ ადამიანების ნაწილი იქნება, რომელიც დღეს დედაქალაქის მერიაში არიან დასაქმებული. 

„ბევრი ადამიანია იმ მაჩანჩალა სტრუქტურაში, რომლებსაც უყვარს ქალაქი, რომლებიც არიან პროფესიონალები,“ - აღნიშნა ელისაშვილმა.

დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს, მერიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

ელისაშვილი კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება, სადაც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ თბილისში ყველგან კორპუსების მშენებლობა უნდა დასრულდეს. 

„ნუცუბიძის 129-ში რესტორანი ჰქონდა კახი კალაძეს, „ქვევრები“ ერქვა და იქ აშენებს 8 სართულიან კორპუსს და მერე გამოდის და იძახის, ჩაკვეხება უნდა დასრულდეს,“ - აღნიშნა ელისაშვილმა.

მერობის კანდიდატი ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს სწორედ დღევანდელი და წინა ხელისუფლების ბრალია.

„ისეთ რაღაცებს ლაპარაკობდნენ, გეგონება მე ვმართავდი,“ - აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილი ასევე საუბრობს, იმის შესახებ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ხდება ყველა ის შეცდომა, რისი გამოსწორების დაპირებებსაც კახა კალაძე დღეს ამომრჩეველს აძლევს.

„მე რასაც ვპირდები და ჩვენი გუნდი რასაც პირდება, იმას შევასრულებთ თავიდან ბოლომდე. ერთი, რომ კორუფციისგან გაიწმინდება მერია და ვერავინ ვერ გაბედავს ფულის კეთებას. ყველა იქნება ხალხის სამსახურში,“ - ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილი სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესების გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მისი მერად არჩევის შემთხვევაში.

დღის ამბები