02 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
ქალბატონო ხათუნა, თუ შეიძლება, დაკეტეთ პირი, რაა - მწვავე დებატები ბიუროს სხდომაზე

საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს მწვავე დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში.

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც პოლიციამ საკრებულოში არ შეუშვა, ახსნა-განმარტებას პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვდნენ. ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრების მტკიცებით, სამართალდამცველებმა და საკრებულოს ხელმძღვანელებმა კანონი დაარღვიეს, როდესაც შენობაში დეპუტატები არ შეუშვეს.

მათი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია, რომ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინოს.

პარლამენტარზეა ლაპარაკი, ჩემზე კი არ არის ლაპარაკი და ჩემს ხელის გრეხვაზე. როგორ ქვეყანას ვაშენებთ, რომ პარლამენტარი არ უნდა შეუშვას საკრებულოს, კარი უნდა დაიკეტოს, პოლიციის კორდონს უნდა ამოეფაროთ, არც ერთი მოქალაქე, პარლამენტარი არ შეუშვათ. რა უფლებით ხურავთ საკრებულოს სხდომას?“ - ასე მიმართა ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, უმრავლესობის წევრს, არჩილ თალაკვაძეს.

საპასუხოდ არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ ოპოზიციას საკრებულოს სხდომის ჩაშლა ჰქონდა დაანონსებული და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რის გამოც დეპუტატები სხდომაზე არ შეუშვეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, უმრავლესობას მიმართავს, რომ გაარკვიოს, ოპოზიციური წარმომადგენლების არშეშვების გადაწყვეტილება ვინ მიიღო, ან რომელი კანონის საფუძველზე. მისი თქმით, თუ ვინმემ კონსტიტუცია დაარღვია, ის უნდა დაისაჯოს.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირმა ნადირაშვილი, ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილისთვის სიმბოლურ ფასად მიწის ნაკვეთების გადაცემა და ამას ყოველთვის გააპროტესტებენ.

სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმნა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა, რომელმაც პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრს, ხათუნა გოგორიშვილს, მიმართა. მან დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. 

„ქალბატონო ხათუნა, თუ შეიძლება, დაკეტეთ პირი, რაა. აქ ხდება ძალიან მარტივი პოლიტიკური თამაში,“ - განაცხადა ზარდიაშვილმა.

ოპოზიცია პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხის გაცემასაც მოითხოვს, რადგან, მათი თქმით, გიორგი მღებრიშვილმა უნდა განმარტოს, ის მუხლები რის საფუძველზეც პოლიცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევდა.   

დღის ამბები