27 აპრილი 2024,   00:00
ვრცლად
საკაბელო არხების მიერ ტრანსლირების სანაცვლოდ, საფასურის გადახდის მოთხოვნას "მაგთი" და "სილქნეტი" ეხმაურებიან

საკაბელო არხების მიერ ტრანსლირების სანაცვლოდ გარკვეული საფასურის გადახდის მოთხოვნას კომპანიები "მაგთი" და "სილქნეტი" ეხმაურებიან.

დღის 12:00 საათიდან „რუსთავი 2"-ს, "იმედს", "მაესტროს", "GDS-ს", "მარაოს" და "კომედი არხს" მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორებმა გაუთიშეს.

"მაგთის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრანსლირების სანაცვლოდ გარკვეული საფასურის გადახდის მოთხოვნა აპრობირებული მოთხოვნაა.

„მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ტელეარხები სატრანზიტო მაუწყებლებს მათი არხების ტრანსლირების სანაცვლოდ, გარკვეული საფასურის გადახდას სთხოვენ. ქართულმა ტელეარხებმაც მისდიეს აღნიშნულ საერთაშორისო პრაქტიკას, რასთანაც „მაგთიკომს“ პრინციპული წინააღმდეგობა ვერ ექნება. „მაგთიკომი“ ყველა უცხოურ და ქართულ ტელეარხთან ან კონტენტპროვაიდერთან მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს და ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი. „მაგთიკომი“ ვერ დატოვებს მომხმარებლებს რეიტინგული ქართული არხების გარეშე და აუცილებლად გააგრძელებს მათთვის ტელეარხების მიწოდებას,“ - აღნიშნულია „მაგთის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სილქნეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითოეულ არხთან ინდივიდუალური მოლაპარაკება უნდა შედგეს.  

„ჩვენთვის, პირველ რიგში, მიუღებელია ერთ პაკეტად შესყიდვა ისეთი არხების, რომელთაც სხვადასხვა რეიტინგი, შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკა აქვთ და ამავე დროს ბაზრის 80%-ზე მეტს ფლობენ. ამ შეთავაზებით მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ გადაწყვეტილება, თითოეულ არხზე ინდივიდუალურად და მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით, რაც ეწინააღმდეგება ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის ბიზნეს პრინციპს. შესაბამისად, 6 არხის ერთიან ტრანზიტზე გადასახადთან დაკავშირებით საუბარი მიუღებელია. თუმცა, ლოგიკურად მივიჩნევთ პაკეტის დაშლას და თითოეულ არხზე ცალკეული პირობების განხილვას, რაზეც არა ერთხელ ვაცნობეთ მაუწყებელთა წარმომადგენელს - „მედია რაითს ჯორჯიას“, წერილობით. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე და ვთვლით, რომ თუ მოლაპარაკებები სწორად წარიმართება, შევძლებთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება, როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის,“ - აღნიშნულია „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები