21 ნოემბერი 2017,   01:03
ვრცლად
98-ე საბავშვო ბაღში მოსწავლის მიმართ უხეში მოპყრობის ფაქტი - პედაგოგი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ

98-ე საბავშვო ბაღში დღეს პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველები 5 წლის ბავშვის დედამ გამოიძახა, რომელიც ცეკვის მასწავლებელს მოზარდის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ცემის ფაქტს თავად მასწავლებელი უარყოფს, თუმცა კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, უხეში მოპყრობის ფაქტი კარგად ჩანს.

მოსწავლის მიმართ უხეში მოპყრობის ფაქტს ბაღის დირექტორიც ადასტურებს და ამბობს, რომ პედაგოგი უკვე დასაჯა, სასტიკი საყვედური გამოუცხადა და თვლის, რომ უფრო მკაცრი სასჯელი საჭირო არ არის.

მოსწავლის დედა კი, მასწავლებლის დასჯას და საბავშვო ბაღიდან გაშვებას ითხოვს. ნინო აღდგომელაშვილი ამბობს რომ, 98-ე საბავშვო ბაღში მისი 2 შვილია და მომხდარი ინციდენტის შემდეგ სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებას შვილებს ვეღარ ანდობს.

მასწავლებლის მხრიდან უხეში მოპყრობის ფაქტს უკვე სწავლობს ბაღების მონიტორინგის სამსახური, დღეს ადგილზე 98-ე საბავშვო ბაღში სოციალური მუშაკიც იმყოფებოდა, ოფიციალური დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება.

თუ სააგენტოში იტყვიან, რომ ცეკვის მასწავლებელი ბავშვზე ძალადობდა, მას სამსახურს დაატოვებინებენ და საბავშვო ბაღში მუშაობა აეკრძალება. მანამდე კი, მასწავლებელი საბავშვო ბაღში რჩება და მოზარდებს ისევ ცეკვის გაკვეთილებს უტარებს.

დღის ამბები