03 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ესპანეთის ერთიანობის მოთხოვნით ბარსელონაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბარსელონაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში ქვეყნის ერთიანობის მომხრე ნახევარ მილიონამდე ადამიანია შეკრებილი. ისინი კატალონიის უკვე ყოფილი პრეზიდენტის ქმედებებს აპროტესტებენ.

ესპანეთის ხელისუფლება კი სეპარატისტებს აფრთხილებს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს. მას შემდეგ რაც უფლება-ჩამორთმეულმა ლიდერმა პირდაპირ თქვა, რომ მადრიდის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და დემოკრატიული წინააღმდეგობის კამპანიას იწყებს, მთავრობამ ის კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ცენტრალური ხელისუფლება კანონით გათვალისწინებული ზომებით იმოქმედებს. ოფიციალურ მადრიდს შეუძლია პუჩდემონს უფლებამოსილების უკანონო შესრულებაში დასდოს ბრალი, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაცილებით მძიმე განაჩენი ელოდება თუ მას სახელმწიფო ამბოხის მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კარლეს პუჩდემონს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. ბრიუსელში უკვე საუბრობენ, რომ პუჩდემონს შესაძლოა ქვეყნიდან გაქცევა და პოლიტიკური თავშესაფარის ძებნა მოუხდეს.

ესპანეთის მთავრობა კარლეს პუჩდემონს ურჩევს ვადამდელ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც 21 დეკემბრისთვის დაინიშნა. ხელისუფლებამ კონსტიტუციის 155 მუხლი აამოქმედა, რის შემდეგაც კატალონიის ავტონომიაზე პირდაპირი მმართველობა დააწესა, კარლეს პუჩდემონი მთავრობის სრული შემადგენლობით გადააყენა და კატალონიის პარლამენტი დაშალა.

დღის ამბები