03 მაისი 2024,   07:53
ვრცლად
ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ოჯახი სამართალდამცავებს ადანაშაულებს

ხარაგაულში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი 28 წლის ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამართალდამცავებს ადანაშაულებს. ოჯახის წევრების განცხადებით, ახლგაზრდა გარდაცვალებამდე რამდენჯერმე პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს, პოლიციის განყოფილებიდან კი, კვირიკაშვილი სახლში განერვიულებული დაბრუნდა და ოჯახს უთხრა, რომ სამართალდამცველები მასზე ზეწოლას ახდენდნენ და თანამშრომლობას აიძულებდნენ.

გარდაცვლილის დის ინფორმაციით, ამირან კვირიკაშვილმა თვითმკვლელობა გასულ კვირასაც სცადა, როდესაც პოლიციის განყოფილებიდან მეორედ დაკითხვიდან დაბრუნდა. კვირიკაშვილები აცხადებენ, რომ ახალგაზრდის პოლიციაში დაბარების მიზეზი, ოჯახის საქმიანობა გახდა. ისინი თავს ჯართის შეგროვებით ირჩენენ. 

გარდაცვლილის ნათესავის ინფორმაციით, ამირან კვირიკაშვილის ძმამ, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, უამბო, რომ გარდაცვლილი ხარაგაულის პოლიციის უფროსის მოადგილემ სხვა თანამშრომლებთან ერთად სცემა. მისი ცნობით, სამართალდამცველები კვირიკაშვილს ამ ფორმით თანამშრომლობასა და სოფელში დაკარგული ჯართის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები