23 ნოემბერი 2017,   20:42
ვრცლად
ცვლილებები, ხშირ შემთხვევაში, არათუ არასაკმარისია, შეიძლება, კონტრპროდუქტიული იყოს - უგულავა სამთავრობო ცვლილებებზე

„ცვლილებები, რბილი შეფასება რომ გავაკეთო, არის არასაკმარისი. ხშირ შემთხვევაში, არათუ არასაკმარისია, შეიძლება, კონტრპროდუქტიული იყოს,“ - ასე აფასებს ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის გენერალური მდივანი, გიგი უგულავა, სამთავრობო ცვლილებებს.

უგულავა არჩევანის ეთერში აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდისთვის ეს ნაბიჯები არ არის საკმარისი.  

„სიმართლე გითხრათ, პირველი რეაქცია, რომელიც მე მქონდა, როდესაც ინფორმაცია მივიღე, გამიხარდა. გამიხარდა იმიტომ, რომ ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკურად უჭირს, სჭირდება მცირე მთავრობა, მცირე ბიუროკრატია, ნაკლები გადასახადები, მეტი თავისუფლება, ნაკლები რეგულაცია,“ - აცხადებს უგულავა.

გიგი უგულავას თქმით, მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრის თქმით, ცვლილებების შემდეგ არაფერი დათვლილი არ არის.

„ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აჩენს იმ ეჭვს, რომ, გარკვეულწილად, გარედან თავსმოხვეული გადაწყვეტილება იყო,“ - განაცხადა უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, საკადრო გადაადგილებები არა პროფესიული, არამედ ივანიშვილთან სიახლოვითაა განპირობებული. ამის მაგალითად შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, გიორგი გახარიას, დანიშვნა მოჰყავს. მან ასევე, ფინანსთა ახალი მინისტრი, მამუკა ბახტაძე, დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანის შესახებ მხოლოდ ცნობილია ის, რომ ივანიშვილმა ის კარგ ადამიანად დაახასიათა.

„ეს ყველაფერი ერთიანობაში ჩვენ გვაძლევს იმის სურათს, რომ ეს ცვლილებები არ არის საკმარისი,“ - განაცხადა უგულავამ და ასევე დაამატა, რომ სტრუქტურული ცვლილებებიც არ არის სწორი გადაწყვეტილება. 

დღის ამბები