26 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
ევროსაბჭოს დელეგაცია საკონსტიტუციო რეფორმით დაინტერესდა - შეხვედრა პარლამენტის ვიცე სპიკერთან

თბილისში მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა უმასპინძლა. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, განხილვის ძირითადი თემები, დემოკრატიის განვითარების კუთხით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვენეციის კომისიის დასკვნას.

ჩუგოშვილის თქმით, დელეგაციის წევრებს აინტერესებდათ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისას რამდენად იქნა გათვალისწინებული ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები.

„შენიშვნები არ ჰქონიათ, ჰქონდათ გარკვეული კითხვები ზუსტად ვენეციის კომისიის რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ და ასევე იმ ცვლილებებმა, რომლებიც ახლა არის დაინიცირებული და რომელსაც დეკემბერში ეყრება კენჭი,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრას პროდუქტიული უწოდეს ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა.

„ჩვენი თბილისში ვიზიტის ფარგლებში პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა. ეს შეხვედრები გრძელდება, კომენტარს ყველა შეხვედრის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ,“ - განაცხადა ევროსაბჭოს დელეგაციის წევრმა კერსტინ ლუნდგრენიმ.

დღესვე, დაგეგმილია აუდიენცია პრეზიდენტთან, იუსტიციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრებთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები