17 დეკემბერი 2017,   04:19
ვრცლად
თუ დაღუპული ჩატაევია, სერიოზული უსაფრთხოების პრობლემა გვაქვს - ნიკა რურუა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება. მისი თქმით, ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლება ვალდებულია, საკუთარი ამომრჩეველი ამყოფოს ინფორმირებული და არა ინფორმაციულ ვაკუუმში. ამის შესახებ განცხადება მან გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" ეთერში გააკეთა. 

“როდესაც დასახლებულ პუნქტში მიდის 22 საათიანი ბრძოლა, სამხედრო შეტაკება, ამ ყველაფერზე მოქალაქეებს რომ უგზავნი ერთ-ერთ აბსოლუტურად არაადეკვატურ მინისტრებს, მთვრალს სავარაუდოდ, რომელიც იწყებს წინა პრეზიდენტზე საუბარს, სოზარ სუბარს ვგულისხმობ, ეს არის დაცინვა და შეურაცხყოფა ხალხის და ამას აკეთებს ხელისუფლება,“ - განაცხადა რურუამ.

მისივე თქმით, აუცილებელია ცნობილი იყოს ვინ არიან სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილები და როგორ მოხვდნენ ისინი საქართველში.

“უნდა ვიცოდეთ ესენი არ არინ, თუ არიან ტერორისტები, რომელთა ვინაობაც ძალიან მნიშვნელოვანია. არის თუ არა ეს ჩატაევი, პირველ რიგში. იმიტომ, რომ ეს მთლიანად ცვლის კონტექსტს. ვინ არიან ეს ადამიანები? რა მიზნით იყვნენ საქართველოში? როგორ შემოვიდნენ? რამდენად ყავთ მათ თანამოაზრეები ამ წუთას? და ხომ არ არის რომელიმე რეგიონში მსგავსი რამ მოსალოდნელი?" - აღნიშნა რურუამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, თუ გარდაცვლილ ტერორისტებს შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

“თუ არის დაღუპული და ეს ტერორისტი არის ჩატაევი, სერიოზული უსაფრთხოების პრობლემასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა რურუამ.

მისივე თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება დასუსტებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი ნეპოტიზმია. 

“ის შემდგარი ფაქტი, რომ ჩვენი უსაფრთხოება ძალიან დასუსტებულია და შეიძლება უკვე სერიოზულად მორყეულიც, ამასაც ვერ გაექცევიან. ამას ორი სერიოზული მიზეზი აქვს, ერთი არის ის, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა უსაფრთხოების სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება და მათი სამართლებრივი დევნა და მეორე მიზეზი, ეს არის იგივე პოზიციებზე ნათესავ, მეზობლურ, მეგობრული ნიშნით ხალხის დანიშვნა," - აღნიშნა რურუამ.

 

 

დღის ამბები