03 მაისი 2024,   11:35
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე იმსჯელებს 

სახალხო დამცველის კანდიდატის საკითხი უმრავლესობამ დღეს სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს. არასამთავრობო სექტორი "ქართულ ოცნებას" ომბუდსმენის ვაკანსიაზე 4 კანდიდატს სთავაზობს. საუბარია ნინო ლომჯარიას, ანა ნაცვლიშვილის, ვახუშტი მენაბდისა და ზვიად ქორიძის კანდიდატურებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დასახელებულ კანდიდატებს ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება და ლეგიტიმაცია აქვთ.

„ისინი აკმაყოფილებენ იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომელსაც ამ პოზიციაზე მყოფი პირი უნდა აკმაყოფილებდეს და შეიძლება ბევრი კანდიდატი იყოს, ბევრ ადამიანს ჰქონდეს ადამიანის უფლებებში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ამ კონკრეტულ კანდიდატებზე უკვე შეჯერებულია აზრი და მაქსიმალურად მაღალი ლეგიტიმაცია აქვთ არასამთავრობო სექტორში,“ - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

საბოლოო პოზიციაზე მმართველი გუნდი სწორედ დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ უნდა შეჯერდეს. არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული პირების გარდა, საპარლამენტო უმრავლესობა დღესვე განიხილავს სოფო ხორგუანის და სოფო ჯაფარიძის კანდიდატურებსაც.

„არ გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობის სხდომაზე ფრაქციებმა ან საინიციატივო ჯგუფებმა დააყენონ სხვა კანდიდატურებიც, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული კანდიდატები არიან ძლიერი გამოცდილი ადამიანები და მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ შევთანხმდებით ერთ კანდიდატურასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები