26 აპრილი 2024,   23:40
ვრცლად
სუს-ის ხელმძღვანელი პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკითხვებს ამ წუთებში პასუხობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეკითხვებს ამ წუთებში პასუხობს. როგორ შემოვიდა ქვეყანაში საერთაშორისო ძებნილი აჰმედ ჩატაევი? საიდან ჰქონდა დანაშაულებრივ ჯგუფს შეიარაღება? რა მიზანი ჰქონდათ ტერორისტებს? ეს არის მთავარი კითხვები, რომლებზე პასუხების მიღებასაც "ქართული ოცნების" და ოპოზიციის დეპუტატები ეცდებიან.

„ძალიან ბევრი კითხვა იქნება დასმული და წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი მოწოდებულია, რომ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ნდობის ჯგუფს. ჩვენი ყველას სურვილი და ამოცანა არის, რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული, საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, მაგრამ ამასთანავე ჩვენ, ცხადია, უნდა ვიზრუნოთ ხვალინდელ დღეზე,“ - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვახტანგ გომელაურის ნდობის ჯგუფთან შეხვედრას დადებითად აფასებს.

„ჩვენ ვართ დაინტერესებული ყველა საკითხით, რომელიც უკავშირდება ამ სპეცოპერაციას. ასე რომ შეგვიძლია დავსვათ ეს კითხვები და მივიღოთ ყველა ის პასუხი, რომელიც აქვს დღეს ამ სამსახურს და სამსახურის უფროსს, ამიტომ თვითონ მისი მოსვლა ნდობის ჯგუფში არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი აბესაძე იმ კითხვებზე საუბრობს, რომელსაც ის ვახტანგ გომელაურს შეხვედრის დროს დაუსვამს.

„თუ როგორ მოხდა ბატონი ჩატაევის გაშვება ქართული ციხიდან, რა პოლიტიკური პროცესის შედეგი იყოს ის. როგორ შემოაღწია შემდგომ მან თავის თანამებრძოლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, რა მიზნით შემოაღწია, რა პერიოდის განმავლობაში უთვალთვალებდნენ სპეცსამსახურები, როგორ მოხდა ამ ოდენობის იარაღის შეტანა ქალაქის ცენტრში. ეს არის ის შეკითხვები, რომელზეც ჩვენ ვთვლიდით, რომ საჯაროდ საუბარი შეიძლებოდა,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თავად უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე შესვლის წინ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

პარალელურად, სუს-ის უფროსთან ამ ფორმატში შეხვედრას აპროტესტებს "ნაციონალური მოძრაობა." მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, სპეცოპერაციის თემის ფართო პოლიტიკურ განხილვას მოითხოვენ.

 

 

 

დღის ამბები