05 მაისი 2024,   12:11
ვრცლად
შეზღუდვები გზებზე - სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას უახლოესი 2 დღე არ ელოდებიან 

უამინდობა საქართველოში - დიდთოვლობის და ყინულის გამო, გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვები დაწესებულია ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხის საავტომობილო გზაზე, ასევე სომხეთის და თურქეთის სასაზღვრო მონაკვეთზე.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. შედეგად ამ ეტაპზე არცერთი მიმართულებით მოძრაობა ჩაკეტილი არ არის, არის დაწესებული ცალკეული შეზღუდვები, ეს შეზღუდვები შეეხება გუდაური კობის მონაკვეთს, რიკოთი-ვალეს მონაკვეთს, ნინო წმინდა-სომხეთის საზღვარს, ლენტეხის, მესტიის მიმართულებებს და გომი-საჩხერის მიმართულებებს, სადაც შეზღუდულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება,“ - განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის დოდო გვაზავას თქმით, საქართველოში ნალექის კლებას უახლოესი 2 დღე არ ელოდებიან. 

“დღეს დასავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონში შენარჩუნდება ნალექი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალ მთიან რაიონებში ქარბუქიც არის მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ნალექი მოსალოდნელია უმეტეს რაიონში დღის პირველ ნახევარში, მეორე ნახევრიდან დაუბერავს დასავლეთის მიმართულების ქარი. როგორც დედაქალაქის, ასევე კახეთის რეგიონში ნალექი შეწყდება,“ - აღნიშნა გვაზავამ.

დღის ამბები