26 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
ცვლილებები ახლად შექმნილ კონსტიტუციაში - ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. ცვლილებები ბონუსის სისტემის გაუქმებას, პარტიებისთვის ერთჯერადად ბლოკების შექმნის უფლების მინიჭებას და პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლას ეხება.

საუბარია პრეზიდენტის 300 ხმოსანის ნაცვლად, პარლამენტის მიერ არჩევაზე.

„თუ რაიმე საკითხი წამოიჭრება დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე, სხდომა ღია იქნება და ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ეს მოსაზრებები და ვფიქრობთ, მთლიანობაში შეივსება ყველა ის საკითხი, რომელიც რეკომენდაციის სახით იქნებოდა კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის დაცვით, რომ იყოს ქვეყნის ძირითად კანონში,“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას აპროტესტებს და ამბობს, რომ ახალი ცვლილებები კონსტიტუციას უკეთესს ვერ ხდის.

„პრეზიდენტის არჩევა ხმოსნების მიერ, ეს არის სამართლებრივად არალეგიტიმური. რა კავშირი აქვს პრეზიდენტის არჩევასთან საკრებულოს წევრს. ის, რომ ამას ცვლიან დეპუტატით სამართლებრივი ნონსენსის გამოსწორება ხდება ამით, მაგრამ მთლიანობაში პოლიტიკურ არსს ეს არ ცვლის. ქვეყანას, ადამიანებს უუქმებენ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

„ქართულ ოცნებას“ არათანმიმდევრულ ქმედებაში ადანაშაულებს „ევროპული საქართველო“.

„ქართული ოცნება" ადასტურებს თუ როგორი არათანმიმდევრულია საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართაც კი. ახლა გვთავაზობენ 2024 წლისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას, რასაც თავის დროზე მოითხოვდა ოპოზიცია და ახლა საუბრობენ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე და როგორც ჩანს, უნდათ შემოგვთავაზონ ნაკლებ წარმომადგენლობითი კოლეგია, რომელიც აირჩევს პრეზიდენტს,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.

დღის ამბები