22 სექტემბერი 2018,   00:39
ვრცლად
ცვლილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ოპოზიციისა და თავად უმრავლესობის ნაწილის პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა კონსტიტუციის მე-18 მუხლში ცვლილება არასათავრობოების და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად მეორე მოსმენით დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ჩასწორებას მმართველმა გუნდმა სრული უმრავლესობით დაუჭირა მხარი, თუმცა, კენჭისყრას წინ კრიტიკული შენიშვნები და თავად უმრავლესობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა უძღოდა.

კონსტიტუციის 18-ე მუხლში ცვლილება მოულოდნელად იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გაჩნდა და ის პარლამენტმა დღეს სახალხო განხილვის გარეშე მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განმარტა, რომ შინაარსობრივად ჩანაწერში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ცვლილება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ახალ შეზღუდვებს ხელისუფლებამ, ხელფასების პრემიების და ტენდერების შესახებ ინფორმაციის გადამალვის გამო აწესებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბუნდოვანი ჩანაწერი საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ ხელისუფლების ფარულ მიზნებს ემსახურება, რადგან ფორმულირება აუცილებელი სახელმწიფო ინტერესის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ინფორმაციის გაცემაზე შეზღუდვების დაწესება, შესაძლოა ხელისუფლებამ ნებისმიერ ვითარებაში გამოიყენოს.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი „ქართული ოცნების“ სრულმა შემადგენლობად გაუჭირა. მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს მარტში უყრიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები