27 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის ლევან დადუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია - "კურიერის" ინფორმაციით დასკვნა უკვე საქმეში დევს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, გამოძიება გრძელდება. „კურიერის“ ინფორმაციით დასრულებულია 16 წლის მოზარდის ლევან დადუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაც და დასკვნა უკვე საქმეში დევს.

ჯერჯერობით უცნობია გაასაჯაროვებს თუ არა საგამოძიებო უწყება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ექსპერტიზის შედეგებს, სადაც წერია თუ რა სახის ჭრილობები მიაყენეს მოკლულს და რა იარაღით. არ არის გამორიცხული, საქმის ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება გასაიდუმლოებული დარჩეს.

ექსპერტიზის დასკვნას ჯერაც ელოდება მეორე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის ოჯახი. ექსპერტები მუშაობას კვირის ბოლომდე დაასრულებენ. სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარიდან მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 12 ჭრილობიდან 5 განსაკუთრებით მძიმე იყო. მოკლული მამა ამბობს, რომ ექსპერტიზის შედეგები საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება, რადგან მან უნდა გასცეს პასუხი მთავარი კითხვას - რამდენია დამნაშავე და დანაშაულის იარაღი თუმცა, ექსპერტიზის დასრულებამდეც ზაზა სარალიძე ვარაუდობს, რომ არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულების წრე უნდა გაიზარდოს.

ამასთან, დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა. საგამოძიებო უწყებაში მოზარდებს მშობლებთან ერთად ჰკითხავდნენ.

შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების ფარგლებში შესაძლოა მოხდეს კიდევ არაერთი არასრულწლოვანის დაბარება გამოკითხვაზე.

ამ ეტაპზე, მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ბრალდებულია 7 პირი. 2 მკვლელობის, 5 კი დანაშაულის დაფარვის მუხლით.

ამავე თემაზე
დღის ამბები