27 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
ახალი წელი დედაქალაქში სამი გრანდიოზული კონცერტით აღნიშნეს 

დედაქალაქის ცა ზუსტად ღამის 12:00 საათზე ფოიერვერკმა გაანათა და ახალი წლის აღნიშვნა გრანდიოზული კონცერტით გაგრძელდა. მუსიკალური ნომრები თბილისის სამ უბანში შეკრებილებისთვის ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს. სპეციალურად მოწყობილ სცენებზე ერთმანეთს ახალი და ძველი თაობის მომღერლები ცვლიდნენ.

თბილისში კონცერტს წელს ტურისტთა განსაკუთრებული რაოდენობა დაესწრო. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნად თბილისში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის ფილიპინებიდან, ქუვეითიდან და თურქეთიდან.

ახალი წელი თბილისელებს ევროპის მოედანზე მოწყობილი სცენიდან დედაქალაქის მერმა იმ ხალხთან ერთად მიულოცა, რომლებიც თბილისის სისუფთავეზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავენ.

საახალწლო ღონისძიებებზე წელს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. მოედნებზე, სადაც საახალწლო კონცერტები ტარდებოდა, სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ.

დედაქალაქის სამივე უბანში საახალწლო კონცერტები გვიანობამდე გაგრძელდა. სადღესასწაულო ღონისძიებები 14 იანვრამდე გასტანს.

ავტორები: ვანო გავაშელი, გიორგი ჯანგულაშვილი

დღის ამბები