06 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
ხაშურში სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტს თვითმხილველები იხსენებენ

ხაშურში სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტს თვითმხილველები იხსენებენ. 2 დაჭრილი უფროსკლასელი ამ დრომდე საავამდყოფოში რჩება. ინციდენტი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ორი დაშავებული მოზარდი მსუბუქი დაზიანებებით კი, სახლში გაწერეს.  

სამართალდამცავებმა სკოლის მოსწავლეები უკვე გამოკითხეს. მოზარდები აცხადებენ, რომ ისინი რესტორანში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და მათ ჩხუბი ერთმანეთთან არ მოსვლიათ.

მათი თქმით, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ დაინახეს, რომ დაახლოებით, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ფიზიკურად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ისინი კი მათ გაშველებას შეეცადნენ.

ერთ-ერთი დაჭრილის ოჯახის წევრების თქმით, მოზარდი რესტორნის გარეთ ჩხუბის ხმის გაგების შემდეგ გამოვიდა და სწორედ კარში გამოსვლის შემდეგ მოარტყეს დანა მუცელსა და სახის არეში.

დაჭრილი მოზარდის ბებია, ეთერ მეტივიშვილი ამბობს, რომ მისი შვილიშვილი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი შვილიშვილი იმ პირებს არ იცნობს, ვინც დაჭრა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ისინი გასაშველებლად გამოვიდნენ და დაჭრაც ამ დროს მოხდა.

ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ გაგლოშვილის თქმით, ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, ექიმები ამ დროისთვის დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ გეგმავენ.

რესტორან „ხაშურის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ ინცინდენტის შესახებ პატრულის მოსვლის შემდეგ გაიგეს. მათი თქმით, ბავშვები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ და გარეთ რა მოხდა არ გაუგიათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები