27 აპრილი 2024,   01:53
ვრცლად
"ბიუჯეტის ძარცვა კანონის სახელით" - ოპოზიცია მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების ზრდას აპროტესტებს 

თბილისის საკრებულოში სხდომა დღეს სავარაუდოდ, ხმაურის ფონზე ჩაივლის. დეპუტატებმა მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

პროექტის მხარდაჭერას არ გეგმავს ოპოზიცია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ ცვლილებებით ბიუჯეტის „ძარცვას“ იკანონებს.

„დღეიდან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონის სახელით გაგვძარცვავენ, კანონის სახელით მიითვისებენ ჩვენს თანხებს და იტყვიან, რომ არანაირი დარღვევა არ არის არც დანამატზე, არც პრემიაზე, იმიტომ, რომ ამას უკვე ხელფასი დაარქვეს,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის მერის კახი კალაძის მიერ ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდის შესახებ საუბრობს “ევროპული საქართველოც“.

„ქართული ოცნების ხელწერად იქცა ის, რომ არჩევნებამდე მოსახლეობას ჰპირდებიან ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, ხოლო არჩევნების შემდეგ ახორციელებენ ახალი სამსახურების შექმნას, აჰყავთ ახალი ადამიანები მაღალი თანამდებობის პირებად და უნიშნავენ მათ განუსაზღვრელ ხელფასებს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავთ ჟღენტმა.

„ქართულ ოცნებაში“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ შრომის ანაზღაურება არ იზრდება და გადაწყვეტილება ახალი კანონის შესაბამისი ნორმის მიხედვით მიიღეს.

„ბიუჯეტი რჩება თავის ჭერში ზუსტად იმდენი, რამდენიც იყო და ყველა მოხელე, რომელიც იღებდა ანაზღაურებას ყოველთვიურს, აიღებს ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც იღებდა აქამდე,“ - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები