27 აპრილი 2024,   08:30
ვრცლად
იმედი გვაქვს, მმართველ გუნდთან შეხვედრა არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის - თამთა მურადაშვილი

მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მმართველი გუნდის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დასრულების შემდეგ იგეგმება. საქმე ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონს, რომელსაც პრეზინდეტმა ვეტო დაადო.

მედია ორგანიზაციები დეპუტატებს კონკრეტული პრობლემური მუხლების ხელახალ განხილვას ითხოვენ და მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", ვეტო არ დაძლიონ.

მედიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ დაგეგმილი აუდიენცია მმართველ გუნდთან არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც არსებული რედაქციით დამტკიცებულ კანონს შესაძლოა მოჰყვეს.

“პრობლემა ამ კანონთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაკლები გამჭვირვალობა და გაურკვეველი დაფინანსებები. თუმცა, არსებითად რომლის გარშემოც ყველა ტელევიზია ვერთიანდებით, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე კომერციულ საქმიანობაში გადასვლა. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი მოგვისმენს და სასიამოვნოა, რომ მიღებულ იქნა ეს წინადადება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა არ იქნება უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის,“ - განაცხადა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

ახლად მიღებული კანონის უარყოფით მხარეებზე საუბრობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ მაუწყებლის შესახებ კანონი არათანაბარ კონკურენციას ქმნის.

„იმედია, რომ ის პრეტენზიები, რომელიც არსებობს თავად მედიაში, არასამთავრობო სექტორში იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან ახალი წესები არათანაბარ კონკურენციას ქმნის სხვა ტელევიზიებისთვის და უფრო მეტიც, იჭრება კომერციული ტელევიზიების ნიშაში,“ - აცხადებს "მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

დღის ამბები