08 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
მლეთასთან ჩამოწოლილი ზვავის გამო ჩარჩენილი მგზავრები დახმარებას ითხოვენ

მლეთასთან ჩამოწოლილი ზვავის გამო მგზავრები გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. ათობით მანქანა და მგზავრები ამ დრომდე გზის გახსნას ელოდებიან. კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი მგზავრები თბილისამდე გადაყვანას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში იქ იყვნენ და სიცივეს მეტ ხანს ვეღარ გაუძლებენ.

ისინი აცხადებენ, რომ საწვავი და საკვები გაუთავდათ. სტეფანწმინდის მერის მოადგილე, თამაზ ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ კობი-გუდაურის მონაკვეთზე უკვე გაეწიათ დახმარება. 

თამაზ ალიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის მლეთაში ჩარჩენილი მგზავრების პრობლემების შესახებ არავის უცნობებია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ყინვა და თოვა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

მთაში თოვლთან ერთად ძლიერ ქარს ელოდებიან, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტექნიკური მდივანი, ნუგზარ გასვიანი აცხადებს, რომ ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნის შემდეგ შეუდგებიან გზის გაწმენდით სამუშაოებს.

„გვაქვს ორი მიმართულებით შეზღუდვები დაწესებული, ეს არის მლეთა-კობის მონაკვეთი, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებულია ზვავსაშიშროების რეჟიმი. ამ ეტაპზე ორ თუ სამ ადგილას ჩამოსული არის ზვავი, შესაბამისად, ჯერჯერობით, მლეთა-კობის მონაკვეთზე შეზღუდულია, როგორც ტრანსპორტის გადაადგილება, ასევე, გაწმენდითი სამუშაოები,“ - განაცხადა ნუგზარ გასვიანმა

მისივე ინფორმაციით, გომბორის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების ჯაჭვების გამოყენებით.

დღის ამბები