27 აპრილი 2024,   00:19
ვრცლად
ევროპარლამენტარები მუხთარლის საქმეზე დროებით საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეას იზიარებენ

ევროპარლამენტარები აფგან მუხთარლის საქმეზე დროებით საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეას იზიარებენ. ევროპარლამენტის დეპუტატი , რებეკა ჰარმსი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მიესალმება და აღნიშნავს, რომ მსგავსი საქმეები ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს.

რებეკა ჰარმსი აღნიშნავს, რომ არსებობს კითხვები აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გადაყვანასთან დაკავშირებით, რასაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს.

„ამ საქმეში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩართულობაზეა საუბარი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ოპოზიცია მართალია, როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ასეთი საქმეები დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. მსგავს სიტუაციებში, პატივი სცე კანონის უზენაესობას, გამოიჩინო სიფრთხილე გამოძიების პროცესში და იყო მიუკერძოებელი - არის მთავარი მაჩვენებელი დემოკრატიული განვითარების, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის. თუ რჩება კითხვები და ეჭვები გამოძიებასთან დაკავშირებით, ეს ძალიან ვნებს საქართველოს რეპუტაციას,“ - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

აფგან მუხთარლის გატაცებას და აზერბაიჯანში გადაყვანას აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრი, მალაჰატ იბრაჰიმგიზიც ეხმაურება. მალაჰატ იბრაჰიმგიზი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს და ამ კითხვებზე პასუხი ქართველმა სამართალდამცავებმა უნდა გასცენ.

„თქვენ ცდილობთ ამ საკითხის პოლიტიზებას, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. საქმე ეხება სამართლებრივ საკითხს, რომელსაც მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვერ ჩავერევი. ამ თემაზე კითხვები, შეგიძლიათ თქვენს მხარეს დაუსვათ, მაგალითად, სახელმწიფო უწყებებს, როგორიცაა შსს. მე თუ როგორც პიროვნებას გადაადგილების საშუალება არ მაქვს, ეს რას ნიშნავს, რომ ჩემი უფლებები დაირღვა? ყველა ქვეყანას თავისი კანონები აქვს და მე ვერ შევაფასებ ამ საკითხს," - აცხადებს მალაჰატ იბრაჰიმგიზი.

დღის ამბები