23 მაისი 2018,   13:17
ვრცლად
1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 45 ლარად მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლში - კომპანიამ, რომლის უკან ივანიშვილი დგას, 20 ჰექტარი მიწა იყიდა

ერთი კვადრატული მიწის ნაკვეთი 45 ლარად მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლში - ”ელიტ კონტრაქშენ გრუპმა” 20 ჰექტარი მიწა პირდაპირი მიყიდვის წესით სწორედ ამ ფასად მიიღო. ტერიტორიის მომიჯნავეა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიწის ნაკვეთები. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ამ კომპანიის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტამა, ელგუჯა ბაგრატიონმა ის დოკუმენტები წარადგინა, სადაც ტერიტორიის გასხვისების დოკუმენტს გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.

ელგუჯა ბაგრატიონის განმარტებით, ხელშეკრულების პირობები ბუნდოვანია.

„ბიძინას ახირებას კიდევ ერთი ტერიტორია ეწირება, პატარაძის შემდეგ კვირიკაშვილი ჩაერთო და ბიძინა ივანიშვილზე გასხვისებულ იქნა, კერძოდ, ნომინალურ კომპანიაზე, რომელიც 2017 წლის 21 აგვისტოს შეიქმნა და 100%-იანი წლის მფლობელი გახლავთ ვინმე ჩაგანავა, ბათუმში მცხოვრები. ერთი თვის შემდეგ, 28 სექტემბერს პირდაპირი წესით კვირიკაშვილის მიერ იქნა ტერიტორია მიყიდული,“- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა.

ტერიტორიის გასხვისებას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც აპროტესტებენ.

„ჩვენ არაფერი შეგვეკითხა, დღევანდელი მთავრობის ხელში ადმიანებს ვინ რას ეუბნება. უბრალოდ შემოღობეს, მიაქვთ ხეები და ჩვენ ვზანზარებთ,“- აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, გიული ზოიძემ.

ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორია გადათხარეს და ხეების გადატანით არიან დაინტერესებულები.

„რამდენი მიწა დაყარეს, წყალი ივსება, რომ გაწვიმდება, ეზოში ვეღარ შემოვდივართ. ჩვენი ცოდოები ვართ, ყურადღება ხომ გვინდა,“- განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ნანული ბერიძემ. 

დღის ამბები