27 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
მესამე სექტორი აუდიტის დასკვნის საფუძველზე პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

„ეს არ არის, მხოლოდ და მხოლოდ, რიგითი დასკვნა. აქ სავარაუდო კორუფციაზეა საუბარი და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ ამ ფაქტით,“ - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სახელმწიფო აუდიტის დასკვნას.

დღეს გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნის მიხედვით, თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას განსაკუთრებული პირობები შეუქმნა, რითაც უკონკურენტო გარემოს გამო დედაქალაქის მთავრობამ ფინანსურად იზარალა.

ეკა გიგაური აუდიტის ყოფილი ხელმძღვანელზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობას იხსენებს, როდესაც ლაშა თორდია, სავარაუდოდ, სწორედ ამ კვლევის გამო სცემეს. ეკა გიგაურის თქმით, ამ ფაქტზე პარლამენტს რეაგირება არ მოუხდენია.

„მე არ მაქვს იმედი, რომ ამაზე გამოძიება ჩატარდება, რადგანაც აქ ფიგურირებენ ძალიან გავლენიანი პირები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, უკვე დასამალი აღარაფერი აღარ არის. საზოგადოებამ იცის, რა ხდებოდა ამასთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა დასკვნა დადო და ხელიც მოაწერა ამ დასკვნას, შესაბამისად, ახლა ჯერი არის სახელმწიფოზე, რომ მათ გამოიძიონ და კონკრეტული პირები დასაჯონ,“ - განაცხადა გიგაურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ის გარემოება, რომ აქ როგორც ჩანს, საუბარი არ არის ამ შემოწმების პროცესში მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტზე, არამედ რამდენიმე ფაქტი იყო ასეთი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს მათ შორის, ორგანიზებულად, სპეციალურად შექმნილი სისტემა, რომლის შედეგადაც, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება ხდებოდა არა კანონმდებლობის მოთხოვნის საფუძველზე, არამედ ვიწრო ინტერესების გათვალისწინებით,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები