27 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარლამენტი ხმაურიანი სხდომისთვის, უმრავლესობა კი პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დასაძლევად ემზადება. მმართველ გუნდში მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველი გუნდის ნაწილი აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

"მე მქონდა პოზიცია, რომ გაგვეკეთებინა ერთი წლით. მე ყოველთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარეზე ვარ, იმიტომ, რომ ეს საზოგადოების ტელევიზია უნდა იყოს. თუ მათ მართლაც ასე ჰგონიათ, რაც მე არ მგონია, თუ ეს მართლა სხვა ტალღაზე გადაიყვანდა, ერთი წლით ჩვენ ეს შეღავათი გაგვეკეთებინა, ეს არ მიიღეს, ამიტომ ჩემს პოზიციაზე ვრჩები,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ.

თუმცა „ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ და საზოგადოებრივ მაუწყებელს ფასიანი რეკლამის განთავსების უფლებას დაუკანონებენ.

ოპოზიციის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული მაუწყებლობის შესახებ კანონი თავისუფალი მედიის წინააღმდეგ არის მიმართული.

„უმრავლესობის მიერ მიღებული ეს კანონი არის მიმართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ეს არის უმრავლესობის მიერ წარმოებული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ვხედავთ, რომ მედიის წინააღმდეგ ბრძოლა ფართო მასშტაბით არის გაჩაღებული,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა. 

დღის ამბები