27 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმოსვლა გაამკაცრა

ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმმა მიმოსვლა გაამკაცრა - ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.

თინიკაშვილი სოფელ წილკანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ცხოვრობს.

თინიკაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმი დე-ფაქტო საზღვართან ამოწმებს ყველა მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში გადადის. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალგორში საოკუპაციო რეჟიმმა პოლიცია ან საჯარისო ნაწილი შეიყვანა, თინიკაშვილი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.

„როგორც გვაქვს ინფორმაცია, გამკაცრებულია ნამდვილად კონტროლი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე, მოწმდება ყველა მანქანა. დანარჩენი რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია არ გვაქვს,“-აცხადებს თინიკაშვილი.

თინიკაშვილის თქმით, ის ელოდება გამოძიებას და წინასწარ არ შეუძლია საუბარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ტატუნაშვილის მკვლელობაში ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი და მისი ძმა მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახი უკვე მერვე დღეა უშედეგოდ ელის. ამ დრომდე უცნობია, როდის გადმოსცემს საოკუპაციო რეჟიმი ოჯახს ცხედარს და როდის გაათავისუფლებს ტატუნაშვილთან ერთად დატყვევებულ ორ ქართველს.

დღის ამბები