21 სექტემბერი 2018,   20:45
ვრცლად
"რაღაც ეტაპზე შეიძლება მაღალი დონის შეხვედრა ჩატარდეს" - აბაშიძე კვირიკაშვილის წერილზე მოსკოვის პასუხს ეხმაურება

ოფიციალური მოსკოვის პასუხს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილზე ზურაბ აბაშიძე ეხმაურება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, რომ ჯერ ის ვერ აკონკრეტებს ვისთან გამართავს შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილი თუმცა ამბობს, რომ მზაობა მაღალი დონის შეხვედრაზე უკვე გამოთქმულია.

„საკითხები უნდა მომზადდეს. შეიქმნას ფონი, მზაობა იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება მაღალი დონის შეხვედრა ჩატარდეს აი ამ ფორმატში. ეს არის ზოგადი ხედვა. ჯერ კონკრეტიკაზე რა თქმა უნდა საუბარი არ არის. ამის შესახებ კონსულტაციები იქნება ჩვენს პარტნიორებთან. იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულები არიან დისკუსიებში. ასე რომ ეს არის სურვილი, ეს არის ასე ვთქვათ ხედვა იმ უმნიშვნელოვანესი ფორმატის მიმართ, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მოსკოვმა საქართველოს პრემიერს სამდღიანი დაგვიანებით ცოტა ხნის წინ უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კმაყოფილია კვირიკაშვილის ინიციატივებით. განცხადებაში პირდაპირ არის მინიშნებული, რომ კრემლი არ აღიარებს საკუთარ როლს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში, მიიჩნევს, რომ კონფლიქტი ქართულ-აფხაზური და ქართულ -ოსურია და რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეშიც რუსეთის ფედერაციის როლი ნულოვანია. 

დღის ამბები